ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ერთ-ერთი ვაჟის მკვლელობა სცადა
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანმა მისი ორი ვაჟიდან ერთ-ერთის მკვლელობა სცადა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ტელეარხ Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, მისი რომელი შვილი იყო სავარაუდო სამიზნე და არც დამატებითი დეტალები გაუმჟღავნებია.
„ირანმა ჩემი ერთ-ერთი შვილი მიზანში ამოიღო. ირანი ცდილობდა ჩემი ერთ-ერთი შვილის მოკვლას. ამიტომ, ის უსაფრთხოება, რომელსაც ისინი იღებენ, ფუფუნება არ არის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, დაცვის გარეშე სავარაუდო თავდამსხმელები მიზნის მიღწევას შეძლებდნენ.
როგორც „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, ნეთანიაჰუს განცხადება უკავშირდება შინ ბეთთან მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მის ვაჟებს, ასევე მის მეუღლეს, უსაფრთხოების დაცვა სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ნეთანიაჰუ მომავალ არჩევნებში დამარცხდება.
როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია, ნეთანიაჰუს რომელი ვაჟი იყო სავარაუდო თავდასხმის სამიზნე, ასევე უცნობია, როდის და რა ფორმით იგეგმებოდა მკვლელობის მცდელობა.