ბენფიკას ყველა ტურნირიდან გარიცხვა ემუქრება
ბენფიკას ყველა ტურნირიდან გარიცხვა ემუქრება

პორტუგალიური გრანდი „ბენფიკა“ შესაძლოა, გარიცხონ ყველა ტურნირიდან, რომელშიც მონაწილეობას იღებს, მათ შორის ევროთასებიდან, – წერს ბრიტანული გაზეთი The Sun. ლისაბონური კლუბი ეჭვმიტანილია კორუფციულ მოქმედებებში.

იტყობინებიან, რომ სასჯელმა შესაძლოა, სამი წელი შეადგინოს. „ბენფიკას“ ადანაშაულებენ 30 კანონის დარღვევაში, მათ შორისაა – კორუფცია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მცდარი ინფორმაციის წარმოდგენა. ამასთან, პორტუგალიური სასამართლო სისტემის ნელ ტემპში მუშაობის გამო, ეს საქმე, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაიწელოს.

„ბენფიკას“ პრეზიდენტმა ლუიშ ფილიპე ვიეირამ დაარწმუნა გულშემატკივრები, რომ კლუბი იბრძოლებს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

„ბრალდება ვერ დააზარალებს ჩვენს დამაჯერებლობას იმაში, რომ აბსოლუტურად კანონიერად ვმოქმედებდით. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ „ბენფიკას“ კავშირი აქვს მითითებულ დანაშაულებთან”,- განაცხადა „ბენფიკას“ პრეზიდენტმა.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე წერდნენ, რომ გამომძიებლები შეისწავლიან ყველა, 163 მატჩს, რომელიც „ბენფიკამ“ პორტუგალიის ჩემპიონატში ჩაატარა 2013-2014 წლების სეზონიდან მოყოლებული. ამ დროის განმავლობაში, ლისაბონელებმა ოთხჯერ მოიგეს ტურნირი. კლუბი ეჭვმიტანილია მატჩების შედეგების მანიპულირებაში.

გუნდი ამ დროისთვის პორტუგალიის ჩემპიონატს ლიდერობს. ასევე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.