„ბენფიკას“ ავტობუსს უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს - ორი ფეხბურთელი დაშავდა (ვიდეო)

ავტობუსს, რომელშიც „ბენფიკას“ ფეხბურთელები ისხდნენ, პორტუგალიის განახლებული ჩემპიონატის პირველი მატჩის შემდეგ უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს. ამ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი სტადიონ „ეშტადიო და ლუშიდან“ საწვრთნელი ბაზისკენ მიემართებოდა. ნახევარმცველებს იულიან ვაიგლსა და ანდრია ჟივკოვიჩს შუშის ნამტვრევები მოხვდათ და მცირე ჭრილობები მიიღეს, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ბენფიკას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიციასთან ითამაშრომლებენ, რათა დამნაშავეების დადგენა მალე მოხდეს.

პორტუგალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში ლისაბონური გუნდი „ტონდელას“ მასპინძლობდა. შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა.