ბელგიური გამოცემა - მიქაუტაძის მიმართ დიდი ინტერესი იქნება [ვიდეო]

გამოცემა voetbalnieuws-მა ბელგიის პროქსიმუს ლიგის (რანგით მეორე ლიგა) საუკეთესო 11 მოთამაშე დაასახელა, რომელიც გამოცემის ჟურნალისტთა აზრით, ამ ქვეყნის მთავარ ლიგაში დღესვე თავისუფლად ითამაშებდა – გამოცემის რჩეულებში გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა, რომელმაც სეზონის დასაწყისში ფენომენალური შედეგიანობა აჩვენა და დღეს ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.

პროქსიმუსის ლიგაში ბევრი მაღალი ხარისხის მოთამაშე რომ არის, ამაზე წლევანდელი სეზონიც მეტყველებს. ჩვენ შევარჩიეთ 11 ფეხბურთელი, რომლებიც მთავარ ბელგიურ ლიგაში დიდი ძალისხმევის გარეშე ითამაშებდნენ“, – ვკითხულობთ ბელგიურ გამოცემაში.

აი, რას წერს voetbalnieuws „სერენის“ ქართველი თავდამსხმელის, „ჟორჟი მიქაუტაძის“ შესახებ, რომელიც არსებული ცნობებით, მალე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

„გიორგი მიქაუტაძე (სერენი) – მიმდინარე სეზონში ლიგის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც 10 თამაშში 15 გოლით დაიწყო, მაგრამ დიდი პაუზის შემდეგ მრიცხველი გაჩერდა და მხოლოდ ერთი გოლი დაამატა. ამის მიუხედავად, სტატისტიკით, 20 წლის თავდამსხმელს ყოველ 80 წუთში ერთხელ გააქვს. მიქაუტაძეს შეუძლია, იმედი ჰქონდეს, რომ მის მიმართ დიდი ინტერესი იქნება. მაშინაც კი, თუ მისი ტრანსფერის მფლობელი ფრანგული „მეცი“ (რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს) გონივრულ სატრანსფერო ფასს დაასახელებს“, – წერს გამოცემა.

გიორგი მიქაუტაძემ პროქსიმუსის ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. დეკემბერში მიღებული დისკვალიფიკაციის გამო მას დრო და თამაშები გაუცდა და სანამ ფორმას დაიბრუნებს, „უნიონის“ ფორვარდმა, დანტე ვანზეირმა ერთი გოლით გაასწრო.