ბელგიურ კლუბს ქეცბაია ამჯობინა - კვიპროსული მედია ქვილითაიაზე წერს
ბელგიურ კლუბს ქეცბაია ამჯობინა - კვიპროსული მედია ქვილითაიაზე წერს

კვიპროსული გამოცემა „პროტატლიმა“ ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას კარიერის ბელგიაში გაგრძელების შანსი ჰქონდა, მაგრამ მან თემურ ქეცბაიასთან „ანორთოსისში“ თამაში ამჯობინა.

„ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ნიკა კაჭარავას გიორგი ქვილითაია შეცვლის. თემურ ქეცბაია კარგად იცნობს ფეხბურთელს და მის გადაყვანას ადრეც ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან ფეხბურთელმა კვიპროსს უპირატესობა არ მიანიჭა. ახლა ვითარება შეიცვალა, რადგან „გენტის“ მთავარი მწვრთნელი ლასლო ბოლონი 26 წლის ფეხბურთელს საკუთარ მონახაზში ვერ ხედავს. ამიტომ ქვილითაია იძულებული გახდა, საფეხბურთო მომავალი სხვა კლუბთან დაეკავშირებინა. ერთ-ერთი ასეთი კლუბი ბელგიელი „ბევერენი“ იყო, რომელიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერზე ფიქრობდა, მაგრამ ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიას გუნდში თამაში ამჯობინა“, – წერს გამოცემა.

საქართველოს პირველ არხთან გიორგი ქვილითაიამ შეთანხმებულ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა და იმაზეც ილაპარაკა, სხვა შემოთავაზებები რატომ არ განიხილა.

„არჩევანი „ანორთოსისზე“ გავაკეთე – იმიტომ, რომ იქ ნაცნობი გარემოა, მიცნობენ და მჯერა, უფრო მეტი შანსი მექნება, ვიდრე სხვაგან. მე კი პრაქტიკა მჭირდება, ნაკრებს ბელარუსთან 8 ოქტომბერს, ერთა ლიგის ნახევარფინალში რომ დაევხმარო“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან 27 წლის თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიამ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურად დაადასტურა, რომ კარიერის კვიპროსში გაგრძელება გადაწყვიტა – თემურ ქეცბაიას „ანორთოსისიდან“ პოლონეთში წასული ნიკა კაჭარავას ჩანაცვლება საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ მეორე თავდამსხმელით გადაწყვიტა.