ბელგიის პოლიციამ სატვირთო მაცივარში 12 მიგრანტს მიაგნო
ბელგიის პოლიციამ სატვირთო მაცივარში 12 მიგრანტს მიაგნო

ბელგიის პოლიციამ სატვირთო მანქანა-მაცივარში 12 მიგრანტს მიაგნო. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ინციდენტი ანტვერპენის პროვინციაში, მაგისტრალთან არსებულ ავტოსადგომზე მოხდა.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი სამართალდამცველ უწყებას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც აღმოაჩინა, რომ მის ავტომობილში, რომლითაც ხილი და ბოსტნეული გადაჰქონდა, მიგრანტები შეიპარნენ.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მანქანა-მაცივრიდან 12 მიგრანტი – 11 სირიელი და ერთი სუდანელი არალეგალი გამოიყვანეს. „ბიბისის“ ცნობით, მიგრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვინაიდან მაცივარში დიდი ხანი არ გაუტარებიათ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას დიდ ბრიტანეთში სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილში 39 ადამიანის ცხედარს მიაგნეს. „ბიბისის“ ცნობით, დაღუპულები სავარაუდოდ არალეგალი მიგრანტები იყვნენ, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შეღწევას ამ გზით ცდილობდნენ. მათი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შეღწევას სატვირთო ავტომობილებში დამალვით ცდილობს, რომლებიც ბორნებით გაერთიანებულ სამეფოში შეაქვთ. ხშირ შემთვევაში მიგრანტების სამიზნე სწორედ მანქანა-მაცივრები ხდება, რადგან აღნიშნული ტიპის ავტომობილებით საზღვარზე თერმული შემოწმების უფრო მარტივად გავლა შეიძლება.