ბელგიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის დააკავეს #1TVSPORT
ბელგიის პოლიციამ სამხრეთ ამერიკიდან კოკაინის კონტრაბანდის საქმის გამოძიების ფარგლებში ანტვერპენის პორტში დააკავა ბელგიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი, რომელიც ბელგიის მეორე დივიზიონის კლუბ „ლოკერენ-ტემსეში“ თამაშობს.
გამოძიება ეხება ანტვერპენის პორტის გავლით სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში კოკაინის იმპორტს და შემდეგ მის ბელგიის ტერიტორიაზე გადანაწილებას.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ფეხბურთელი რ. ნ. დაკავებულია ამ საქმის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მომენტისთვის დაკითხვები გრძელდება, ასევე უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპების შესაბამისად, სხვა არანაირი კომენტარი არ გავრცელდება“, – განაცხადეს ბრიუსელის პროკურატურაში.
ნაინგოლანს ნარკოტიკების კონტრაბანდის ბიზნესს ჯერ კიდევ 2016 წელს უკავშირებდნენ, როცა მისი ერთ-ერთი საქმიანი პარტნიორი კერძო თვითმფრინავებით კოკაინის გადაზიდვის გამო გაასამართლეს. გარდა ამისა, „რომასა“ და „ინტერის“ ყოფილ ფეხბურთელს რეგულარულად ხედავდნენ საღამოებზე ადამიანებთან ერთად, რომლებიც ახლოს იყვნენ ნარკოინდუსტრიასთან.