ბელგიაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება
ბელგიაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება

ბელგია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ვირუსის მესამე ტალღის თავიდან აცილების მიზნით შეზღუდვებს ამკაცრებს. იქამდე, მსგავსი გადაწყვეტილება საფრანგეთმა მიიღო. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარტში ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად წარიმართა, განსაკუთრებით სკოლებსა და სამუშაო ადგილებში.

„ნათელია, რომ შემდეგში გადამწყვეტი კვირები გველოდება. რამდენადაც უნდა გვსურდეს ეს, კორონავირუსი არ გამქრალა“, – განაცხადა დე კროომმა.

ხუთთვიანი კარანტინის შემდეგ, ბელგია რესტორნების, ბარების, სპორტდარბაზებისა და კინოთეატრების ხელახალ გახსნას პირველი მაისიდან გეგმავს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას კონტაქტების შემცირებისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 69% ვირუსის ბრიტანულმა ვარიანტმა შეადგინა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით 22 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს შორისაა. თუმცა, გარდაცვალების შემთხვევების კლება გრძელდება, რისი მიზეზიც ძირითადად ვაქცინაციის პროცესია.