ბელგიამ ტუნისი იოლად დაამარცხა (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატზე „G“ ჯგუფის შეხვედრაში, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი – ბელგიის ნაკრები ტუნისს დაუპირისპირდა.

ევროპელებმა ინიციატივა პირველივე წუთებიდან იგდეს ხელთ და პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდნენ. დაპირისპირების პირველი გოლი საკამათო ეპიზოდის შემდეგ გავიდა. ტუნისელი მცველები ედენ აზარის წინააღგმდეგ საჯარიმოს გარეთ არღვევდნენ წესს, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა ჩათვალა, რომ დარღვევა საჯარიმოში იყო და პენალტი დანიშნა. ვიდეო რეფერის ჩარევის მიუხედავად მსაჯმა გადაწყვეტილება აღარ შეცვალა და ანგარიში ზუსტი დარტყმით სწორედ აზარმა გახსნა.  ათ წუთში კარგად გათამაშებული კომბინაცია რომელუ ლუკაკუს გოლით დასრულდა და ბელგიელებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. ტუნისმა ერთი გოლი მალევე გაქვითა – საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს დილან ბრონის ზუსტი თავური მოჰყვა. ლუკაკუმ დუბლის შესრულება პირველივე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე მოახერხა.

თამშის მეორე ნახევარში ტუნისი ბურთს აკონტროლებდა, თუმცა აფრიკელებს სახიფათო ეპიზოდების შექმნა უჭირდათ. ტაიმის დაწყებიდან 6 წუთში დუბლი აზარმაც შეასრულა და მატჩს ინტრიგა დაუკარგა.

დარჩენილ დროში ტუნისი მდგომარეობის გამოსწორებას აქტიურად ცდილობდა, მაგრამ ფეხბურთელებმა გოლის გატანა ბოლო წუთებამდე ვერ მოახერხეს. 76-ე წუთზე რეალური მომენტი ბელგიელებს ჰქონდათ. ბაჩუაიმ ბურთი ცარიელი კარისკენ არასაკმარისად ძლიერად გაგზავნა და მცველებმა მოიგერიეს. სამ წუთში ბაჩუაიმ კვლავ ცარიელ კარში ვერ მოახერხა ბურთის შედგება. მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.  ბაჩუაიმ გოლი მაინც გაიტანა – 90-ე წუთზე ტილემანსის მიერ მეტოქის ჩაწოდებულ ჩაწოდებულ ბურთს ბაჩუაი გამოეხმაურა. მე-3 დამატებულ წუთზე მეორე გოლი აფრიკელებმაც გაიტანეს – ტუნისელთა კარგი კომბინაცია ჰაზრიმ დაასრულა – ბელგია 5:2 ტუნისი.

ბელგიელებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვთ და ჯგუფს ლიდერობენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ისინი ინგლისს დაუპირისპირდებიან.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!