ბელგიამ ბრაზილია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

ამ ორ ქვეყანას შორის ისტორიაში პირველი მატჩი 1963 წელს გაიმართა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ბელგიაში ჩატარდა და მასპინძლებმა, საკმაოდ სენსაციურად, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 5:1 დაამარცხეს.  1965 წელს ეს გუნდები უკვე მარაკანას სტადიონზე შეხვდნენ ერთმანეთს და ბრაზილიამ 5:0 გაიმარჯვა. სამი გოლი პელემ გაიტანა, თითო – ფლავიო მინუანომ და რინალდომ. ამ ორი მატჩის გარდა, ბრაზილიას და ბელგიას კიდევ ორი აქვთ ნათამაშევი და ორივეში ბრაზილიის გამარჯვება დაფიქსირდა: 1988 წელს, ბელგიაში გამართულ ამხანაგურ მატჩში, – 2:1 (ჟეოვანი, ჟეოვანი – ლეო კლეისტერსი) და 2002 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში – 2:0 (რივალდო, რონალდო).

გუნდებს შორის მეხუთე მატჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხედფინალურ ეტაპზე გაიმართა. თამაშის პირველი გოლი კურიოზული გამოვიდა – ბელგიელების მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ხელზე ფერნანდინიოს მოხვდა და ბრაზილიელმა მცველმა ავტოგოლი გაიტანა. ათიოდ წუთში ევროპელები ორი ბურთით დაწინაურდნენ. მათი მორიგი კონტრიერიში კევინ დე ბრუინის შესანიშნავი შორეული დარტყმით დასრულდა – ბრაზილია 0:2 ბელგია, პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

დაპირისპირების მეორე ნახევარში სამხრეთ ამერიკელები დომინირებდნენ და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. 75-ე წუთზე მეტოქის კარისკენ დუგლას კოშტა ურტყამდა, თუმცა ბურთი კურტუამ მოიგერია. 76-ე წუთზე ბრაზილიამ ერთი გოლი გაქვითა. კოუტინიოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ რენატო აუგუსტომ ბურთი კუთხეში თავური დარტყმით გადაგზავნა – 1:2.

ანგარიშის გათანაბრების და დუბლის შესრულების შანსი მე-80 წუთზე რენატო აუგუსტოს მიეცა, რომლის დარტყმაც მცირე მანძილით ასცდა კარს. მესამე დამატებულ წუთზე დუგლაშ კოშტამ ნეიმარი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ბურთი ტექნიკურად ცხრიანში გაგზავნა, მაგრამ ტიბო კურტუამ საოცარი მოგერიება შემოგვთავაზა.

საბოლოო ანგარიში – ბრაზილია 1:2 ბელგია. ბელგიელები ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!