ბელგია მეოთხედფინალში ბრაზილიას შეხვდება (ვიდეო)

დასრულდა ყველაზე დრამატული მატჩი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელშიც ერთმანეთს ბელგიისა და იაპონიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და მეტოქეებმა რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა გოლი პირველ ორმოცდახუთ წუთში არ გასულა.

მეორე ტაიმის პირველი წუთები კი მთლიანად იაპონელებისა გამოდგა: 48-ე წუთზე ანგარიში გენკი ჰარაგუჩიმ გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე ტაკაში ინუიმ იაპონელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ბელგია ნოკდაუნში აღმოჩნდა და ბევრმა იფიქრა, რომ ამ დარტყმის გადატანას ევროპელები ვერ მოახერხებდნენ.

მიუხედავად ამისა, ბელგიელებმა საკუთარ თავში ძალები იპოვეს და მეთოდურად დაიწყეს იაპონელთა კარისკენ შეტევების ორგანიზება.

ნაყოფი მათმა მცდელობებმა 70-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ვერტონგენმა საჯარიმოდან მცველების მიერ მოგერიებული ბურთი თავით ისევ საჯარიმოში ჩააბრუნა და ალბათ თავადაც არ ელოდა, რომ პირდაპირ კავაშიმას კარში ჩააგდებდა. არადა სწორედ ასე მოხდა: 1-2

ამ მომენტიდან კიდევ 4 წუთი გავიდა და ამჯერად ედენ აზარის ჩაწოდებული ბურთი ფელაინიმ გადაგზავნა თავით იაპონელთა კარში.

ანგარიში გათანაბრდა, მატჩიც ოდნავ დამშვიდდა და თითქოს ყველაფერი დამატებითი ტაიმებისკენ მიდიოდა, როდესაც ბელგიელებმა ელვისებური კონტრშეტევა განახორციელეს და ნასერ შადლიმ თამაშს წერტილი დაუსვა – 3-2.

საბოლოოდ ბელგიამ ეს დრამატული მატჩი მოიგო და 6 ივლისს, მეოთხედფინალში, ბრაზილიას დაუპირისპირდება.

 

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!