ბელარუსთან საზღვრის უკეთესად დასაცავად უკრაინამ სპეციალური სასაზღვრო ოპერაცია დაიწყო
ბელარუსთან საზღვრის უკეთესად დასაცავად უკრაინამ სპეციალური სასაზღვრო ოპერაცია დაიწყო

ბელარუსთან საზღვრის დაცვის გაძლიერების ფარგლებში, უკრაინამ სპეციალური სასაზღვრო ოპერაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ოპერაცია სახელწოდებით „პოლესიე“ საზღვრის უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით, ასევე მიგრაციული კრიზისის თავიდან არიდებისთვის ხორციელდება.

ოპერაციაში, რომელსაც კოორდინაციას სასაზღვრო სამსახური უწევს ეროვნული გვარდია, ეროვნული პოლიცია და უკრაინის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ. ოპერაციაში ჩართულია რეზერვისტთა დანაყოფებიც.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ნიკიფორენკოს განცხადებით, მიგრაციული კრიზისის გავრცელების საფრთხე და უკრაინაში მიგრანტების ნაკადების გადამისამართების ალბათობა მაღალი რჩება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე და შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები ერთობლივ ზომებს იღებენ საზღვრის დაცვის სისტემის გასაძლიერებლად.

სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, საზღვრის დაცვის პატრულირებისა და მონიტორინგისთვის აქტიურად იქნება გამოყენებული ავიაცია, უპილოტო საჰაერო სისტემები და ტექნიკური სამეთვალყურეო აღჭურვილობა. ამასთან, კონტროლირებად სასაზღვრო ტერიტორიების საავტომობილო გზებზე მოეწყობა საგუშაგოები, შემოწმდება სახელმწიფო საზღვრისკენ მიმავალი ავტომანქანები და ავტობუსები, ასევე დაიწყება სარკინგზო სადგურებში პატრულირება. გარდა ამისა, სასაზღვრო ზონის დასახლებებში გატარდება პრევენციული ღონისძიებები.