ბელარუსში მაინც თამაშობენ - ქართველების გუნდი ბათუმელთა ექს-ფორვარდის გოლმა დაამარცხა (ვიდეო)
ბელარუსში მაინც თამაშობენ - ქართველების გუნდი ბათუმელთა ექს-ფორვარდის გოლმა დაამარცხა (ვიდეო)

მთელ მსოფლიოში მხოლოდ ორიოდე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხის მიუხედავად, ფეხბურთს მაინც თამაშობენ. ერთ-ერთი ასეთი იშვიათი მატჩი ბელარუსში გაიმართა და მასში ქართველები მონაწილეობდნენ – ჩემპიონატის პირველ ტურში სოლიგორსკის „შახტიორმა“ ჟოდინოს „ტორპედო-ბელაზს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში ორივე ქართველმა ითამაშა – ლაშა შინდაგორიძემ 90 წუთი ჩაატარა და 22-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, მერე ძელმა და სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ. გეგა დიასამიძე კი პირველი ტაიმში თავი ერთი კარგი გადაცემით და ყვითელი ბარათის აღებით გამოიჩინა და შესვენებაზე შეცვალეს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს იური ვერნიდუბს კითხვა დიასამიძეზე დაუსვეს – სეზონის წინა შეკრებაზე დიასამიძე ბრწყინავდა, მაგრამ ოფიციალური მატჩების დაწყებისთანავე მოედანზე არ ჩანს და რა პრობლემა აქვსო?

„ეს ფეხბურთია და ასეთებიც ხდება. შედეგის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ცხრა ახალი მოთამაშე გვყავს, რომელთაც გუნდთან შესაგუებლად დრო სჭირდებათ. ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხზე წამოდგე და წინ წახვიდე“ – ამბობს „შახტიორის“ მთავარი მწვრთნელი.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ერთად-ერთი გოლის ავტორი 2019 წელს საქართველოში თამაშობდა. 90+1-ე წუთზე, როდესაც ყველას მატჩი ფრედ დასრულებული ეგონა, მასპინძელთა კარი ძალიან ეფექტური დარტყმით აიღო გაბრიელ რამოსმა, რომელიც გასულ სეზონში ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო.