ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ პარტია „ბელარუსის სახალხო ფრონტისთვის“ უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ პარტია „ბელარუსის სახალხო ფრონტისთვის“ უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ  პარტია „ბელარუსის სახალხო ფრონტისთვის“ უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თანამედროვე ბელარუსის უძველესი პოლიტიკური გაერთიანებაა. ამის შესახებ ბელარუსული გამოცემა „ზერკალო“ წერს.

„ბელარუსის სახალხო ფრონტის“ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სარჩელი ბელარუსის იუსტიციის სამინისტრომ იმის გამო შეიტანა, რომ პოლიტიკურმა ძალამ ხელახალი რეგისტრაციისთვის საბუთები არ წარადგინა.

2023 წლის თებერვალში ბელარუსში ძალაში შევიდა ახალი კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც მოითხოვს პარტიების სავალდებულო ხელახალ რეგისტრაციას კანონის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში.

როგორც გამოცემა „ზერკალო“ წერს, რეპრესიების პირობებში ოპოზიციური ძალები ვერ ასრულებენ ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნებს, კერძოდ, შეგროვებული ხელმოწერების რაოდენობისა და ფილიალების გახსნის კუთხით. შესაბამისად, პროცესების დასრულება მხოლოდ ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდამჭერმა სამმა პარტიამ შეძლო.

„ბელარუსის სახალხო ფრონტი“ არის ერთ-ერთი უძველესი პარტია ბელარუსში, რომელიც 1993 წელს დაარსდა.

ამავდროულად, „ბელარუსის სახალხო ფრონტის“ სათავეები ამავე სახელწოდების საზოგადოებრივი გაერთიანებიდან იწყება, რომელმაც არსებობა 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო.