ბელარუსის ნაკრების ნახევარმცველი - საქართველოსთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადებით
ბელარუსის ნაკრების ნახევარმცველი - საქართველოსთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადებით

ბელარუსის ნაკრებისა და ბორისოვოს „ბატეს“ ნახევარმცველმა ევგენი იაბლონსკიმ ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში გუნდის გამოსვლასა და საქართველოსთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„დიდი ხანია არ შევკრებილვართ და იგრძნობოდა, რომ გუნდის წევრებმა ერთმანეთთან კავშირი დავკარგეთ. რაც არ უნდა ვთქვა, ძალიან დიდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ბევრი რაღაც არ გამოგვდიოდა, ბურთს მარტივად ვკარგავდით და ამის გამო ალბანეთთან შეტევაში სუსტად გამოვიყურებოდით. ყაზახეთთან გუნდი უკეთესი იყო და კარგი კონტრშეტევები გამოგვივიდა. მჯეროდა, რომ იქნებოდა საგოლე მომენტი და შედეგს აუცილებლად მივაღწევდით. ასეც მოხდა“, – ამბობს ევგენი იაბლონსკი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ინტერვიუში.

საქართველოს ნაკრებთან თამაშამდე ერთი თვეა დარჩენილი. რა უნდა შეიცვალოს ბელარუსის ეროვნულ გუნდში, რომ ისევე თავდაჯერებულად გამოიყურებოდეს, როგორც ყაზახეთთან ბოლო მატჩში? – 25 წლის ნახევარმცველმა ამ კითხვაზეც პასუხისას ხელი სამწვრთნელო შტაბისკენ გაიშვირა.

„საქართველოსთან მატჩამდე ცოტა დროა დარჩენილი. ვფიქრობ, რომ ახლა სამწვრთნელო შტაბი ჩვენს მიერ სექტემბერში ერთა ლიგაზე ჩატარებულ ორ მატჩს გააანალიზებს და ფეხბურთელებს შეცდომებზე აუცილებლად მიგვითითებენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ კარგად ვიმუშავებთ და თბილისში გასამართი თამაშისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადებით“, – ამტკიცებს იაბლონსკი.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველი გათამაშების ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს რვა ოქტომბერს თბილისში, „დინამო-არენაზე“ უმასპინძლებს.