ბელარუსის ცესკო - საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, ყველა რეგიონში, დედაქალაქის გარდა, აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა
ბელარუსის ცესკო - საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, ყველა რეგიონში, დედაქალაქის გარდა, აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა, – ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიაში განაცხადეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლიდია ერმოშინას განცხადებით, აქტივობამ ქვეყნის ყველა რეგიონში, დედაქალაქის გარდა, 60 პროცენტს გადააჭარბა. მინსკში აქტივობა ჯერჯერობით 53 პროცენტია.

მისი თქმით, საჩივრები, რომლებიც დამკვირვებლებმა ზოგიერთ უბანში წარმოადგინეს, ერთი ტიპის არის. თუმცა, ცესკო-ს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის დარღვევებზეა საუბარი. ერმოშინას განცხადებით, მას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ საჩივრებს ერთი და იგივე დამკვირვებლები აფიქსირებენ.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის სულ ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არის მოქმედი პრეზიდენტი, 65 წლის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.გამარჯვების შემთხვევაში, ის პოსტს მეექვსე ვადით დაიკავებს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ეგზიტპოლის შედეგები.