ბეირუთში „ჰეზბოლას“ მხარდამჭერების აქციაზე ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ერთი ადამიანი
ბეირუთში „ჰეზბოლას“ მხარდამჭერების აქციაზე ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ერთი ადამიანი

ბეირუთში რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლას“ მოკავშირეებისა და მხარდამჭერების აქციაზე გახსნილ ცეცხლს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჰეზბოლას“ მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე ბეირუთის პორტში 2020 წლის აფეთქების საქმის მთავარი მოსამართლის გადაყენებას ითხოვდნენ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, საპროტესტო აქციის მონაწილეების მისამართით ცეცხლი ბეირუთის ერთ-ერთი ქრისტიანული რაიონიდან გახსნეს, როდესაც დემონსტრანტები მართლმსაჯულების სასახლისკენ მსვლელობას მართავდნენ, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. დაშავებულია ხუთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია ლიბანის არმიის დანაყოფები.

მოძრაობა „ჰეზბოლა“ ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატის აფეთქების საქმის მოსამართლეს, ტარეკ ბითარს მიკერძოებულობაში სდებს ბრალს და მის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. მოსამართლეს სურს, დაკითხოს რამდენიმე პოლიტიკოსი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები, მათ შორის „ჰეზბოლას“ მოკავშირეები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დაუდევრობაში.

2020 წლის აგვისტოში პორტში მომხდარ აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საპროტესტო აქციამდე სასამართლომ მოსამართლე ბითარის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი არ დააკმაყოფილა და მას გამოძიების განახლების საშუალება მისცა.

დატოვე კომენტარი