ბეგლარიშვილი ესტონეთში არ დაბრუნდება - შემოთავაზებები ევროპული გუნდიდან მივიღე
ბეგლარიშვილი ესტონეთში არ დაბრუნდება - შემოთავაზებები ევროპული გუნდიდან მივიღე

ზაქარია ბეგლარიშვილმა, შესაძლოა, უნგრული კლუბი, „ჰონვედი” დატოვოს – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„როდესაც უნგრეთში გადმოვედი, „ჰონვედში” ყველა ამხანაგური შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩავატარე, მაგრამ სეზონის გახსნის წინა დღეს ვარჯიშზე დავშავდი და სამი თვე გამიცდა. სეზონი მალე დასრულდება და მასთან ერთად, „ჰონვედში” ექვსთვიანი იჯარის ვადაც ამოიწურება. ჩემი ტრანსფერი ტალინის „ფლორას” ეკუთვნის, მაგრამ ესტონეთში დაბრუნებას არ ვაპირებ. შესაძლოა, უნგრული კლუბი დავტოვო. შემოთავაზება კვლავ ევროპული კლუბიდან მაქვს”, – ამბობს ბეგლარიშვილი საქართველოს პირველ არხთან.

28 წლის ნახევარმცველი უნგრულ „ჰონვედში” იანვარში ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმის გამო ახალ გუნდში ერთი ოფიციალური შეხვედრაც არ უთამაშია.

2018 წელს ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. შემოდგომაზე ესტონური მედია წერდა, რომ ქართველი მოქალაქეობას აპრილში მიიღებდა.

ბეგლარიშვილმა კომენტარი ამის შესახებაც გააკეთა.

„მოქალაქეობის საკითხი დადებითად გადაწყდა. მართალია, ესტონეთის მოქალაქეობა ჯერ არ მიმიღია, მაგრამ გამოცდები წარმატებით ჩავაბარე, მხოლოდ ფორმალური საკითხებია დარჩენილი და მალე ესეც მოგვარდება”, – განაცხადა ბეგლარიშვილმა.