ბეგლარიშვილი ესტონეთის ნაკრებში არ გამოიძახეს - ქართველის დებიუტი მარტშია მოსალოდნელი
ზაქარია ბეგლარიშვილს ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში სურს, მაგრამ იანვარში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში არ გამოიძახეს. ინფორმაციას ესტონური მედია-საშუალებები ავრცელებენ.
გასულ სეზონში „ფლორას“ ქართველი ნახევარმცველი ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 27 წლის ფეხბურთელმა ნოემბერში ესტონეთის მოქალაქეობის მისაღებად გამოცდა წარმატებით ჩააბარა და იანვარში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებში ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრის მოლოდინში იყო. თუმცა, 28 წლის ფეხბურთელი ყატარში ფინეთთან და ისლანდიასთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებზე მიწვეულ მოთამაშეთა სიაში არ აღმოჩნდა.
„ამის მიზეზი მარტივია – ზაქარიას ჯერჯერობით ესტონური პასპორტი არ გააჩნია. საამისოდ, კიდევ რამდენიმე პროცედურის გავლა მოუწევს“, – განმარტა ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ოფიცერმა მიკელ უიბოლეჰტმა.
ესტონეთის ნაკრებში ქართველი ფეხბურთელის დებიუტი, დიდი ალბათობით, მარტის ბოლოს შედგება, როდესაც ბალტიისპირელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება. გაზაფხულის პირველ თვეში, ესტონელებს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრის გამართვა სურთ, მაგრამ ჯერ მეტოქე უცნობია.