ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქეობას აპრილში მიიღებს
ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქეობას აპრილში მიიღებს

ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელმაც ესტონეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო ყველა გამოცდა ჩააბარა,  ესტონეთის პასპორტის მიღებას გაზაფხულზე შეძლებს – ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.

„ესტონეთის მოქალაქეობის მიღების ერთ-ერთი პირობა ისაა, რომ კანდიდატი ესტონეთში 8 წელი უნდა ცხოვრობდეს. ზაქარია ბეგლარიშვილი ამ მოთხოვნას აპრილში დააკმაყოფილებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა მერიე კლოპეტსმა.

ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ბეგლარიშვილი უნგრეთის „ჰონვედში“ იჯარით ითამაშებდა. კლოპეტსის თქმით, ეს ფაქტი მოქალაქეობის მიღების პროცედურაზე გავლენას არ მოახდენს – „ბეგლარიშვილი ევროკავშირის ქვეყანაში ნახევარი წელიწადი ითამაშებს. თუმცა ის ფაქტი ესტონეთში მისი ამჟამინდელი ბინადრობის ნებართვაზე გავლენას არ მოახდენს. მისი განაცხადიც ესტონეთის მოქალაქეობის მიღებაზე განხილვიდან არ მოიხსნება. ესტონეთში მუდმივი ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ქვეყანაში საცხოვრებელი ნებართვის საფუძველზე იმყოფებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბეგლარიშვილი მოქალაქეობის მისაღებ მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, – განმარტა მერიე კლოპეტსმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს, ტალინის „ფლორას“ ქართველმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა წარმატებით გაიარა ესტონური ენის გამოცდა, რათა ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო. ის 2018 წელს ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ზაქარია არ მალავს, რომ მას ესტონეთის ნაკრებში თამაში სურს.