ბეჟანიშვილის 14 ქულა და ორმაგი დუბლი - „ნაითჰოუკსი“ CEBL-ის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ბეჟანიშვილის 14 ქულა და ორმაგი დუბლი - „ნაითჰოუკსი“ CEBL-ის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

კანადის ელიტურ საკალთბურთო​ ლიგაში (CEBL) პლეიოფი დაიწყო. გიორგი ბეჟანიშვილის გუნდმა, „გუელფ ნაითჰოუკსმა“ რეგულარულ სეზონზე მე-7 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ტურნირის მომდევნო ეტაპზე ჩართვა მერვედფინალიდან მოუწია, სადაც ის „ფრეიზერ ველი ბენდიტსს“ ესტუმრა და 90:85 დაამარცხა.

ბეჟანიშვილი ამ შეხვედრაშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26.35 წუთში ორმაგი დუბლის გაფორმებაც მოახერხა. მან 14 ქულა, 10 მოხსნა (1 შეტევაში) და 3 პასი დააგროვა. გიორგი თამაშიდანაც და საჯარიმოებიდანაც მაღალი პროცენტით ისროდა – ქართველმა კალათბურთელმა პერიმეტრიდან 1-იდან 1 ბურთი ჩააგდო, ორქულიანი კი 5-იდან 4; საჯარიმოს ხაზიდან 4-ჯერ ისროლა და აქედან 3 ზუსტი იყო. ის მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა და მხოლოდ 1 დაკარგვა ჰქონდა. ბეჟანიშვილს +/- მაჩვენებელი ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მაღალი – +13 ჰქონდა.

რაც შეეხება შეხვედრას, „ნაითჰოუკსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, სადაც მეტოქეს 14 ქულით მოიგო და შესაბამისად, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე და მეოთხე მეოთხედებშიბენდიტსმა“ მოიგო, მატჩი მაინც ონტარიოელების სასიკეთოდ დასრულდა.

ბეჟანიშვილის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რეგულარულ სეზონზე მე-2 ადგილზე გასულ „ნიაგარა რივერს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდის წინააღმდეგ ურთიერთშეხვედრებში ბოლო სამი მატჩიდან „გუელფს“ სამივე წაგებული აქვს. დაპირისპირება 7 აგვისტოს გაიმართება.