Bloomberg - „პუტინის მზარეულს“ აფრიკის 10 ქვეყანაში საკუთარი კომპანიები აქვს
Bloomberg - „პუტინის მზარეულს“ აფრიკის 10 ქვეყანაში საკუთარი კომპანიები აქვს

სააგენტო Bloomberg-მა დაადგინა, რომ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს, რომელსაც „პუტინის მზარეულსაც“ უწოდებენ, აფრიკის 10 სახელმწიფოში საკუთარი კომპანიები აქვს. ჟურნალისტების ინფორმაციით, პრიგოჟინი დაქირავებული მებრძოლებისა და პოლიტიკური კონსულტანტების მომსახურებას აფრიკული ქვეყნების ხელისუფლებებს სთავაზობს.

სერვისებს შორის არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, იარაღის შესყიდვა და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება.

სააგენტოს ცნობით, პრიგოჟინი ამ სქემით მოქმედებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ლიბიაში, მადაგასკარში, ანგოლაში, გვინეაში, გვინეა-ბისაუში, მოზამბიკში, ზიმბაბვესა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

როგორც ჟურნალისტები ამბობენ, გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, რუს ბიზნესმენეთან დაახლოებული სტრუქტურები აფრიკულ ქვეყნებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასა და ბიზნესის წარმოების სხვა საშუალებებს იღებენ. კერძოდ, ლიბიაში, ეროვნული არმიის დახმარების სანაცვლოდ, „პუტინის მზარეულს“ ენერგორესურსებზე წვდომა აქვს.

Bloomberg-ი ამტკიცებს, რომ პრიგოჟინის კონსულტანტები ზიმბაბვეში პრეზიდენტობის კანდიდატ ემერსონ მნანგაგვუს გამარჯვებაში დაეხმარნენ. მისი ყოფილი ოპონენტი რობერტ მუგაბე ამტკიცებს, რომ ზიმბაბვეში არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა რუსებმა მოახდინეს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჯოზეფ კაბილამ კი, რუსეთში ელჩად გადამდგარი გენერალი დანიშნა, რომელიც მოსკოვთან იარაღის მიწოდებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„ნოვაია გაზეტამ“ 9 ნოემბერს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბიზნესმენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და ლიბიის ეროვნული არმიის მეთაურ ხალიფა ხაფთარს შორის გამართულ შეხვედრას ესწრება.

რუსული მედია ასევე ამტკიცებს, რომ სწორედ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელის წევრებიც სირიაშიც იმყოფებოდნენ.
ასევე ცნობილია, რომ პრიგოჟინის კომპანია „კონკორდ მენეჯმენტი“ სურსათით ამარაგებდა რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს, ასევე მოსკოვის სკოლების 90%-ს.