ბათუმში სოციალური მუშაკები აქციას მართავენ
ბათუმში სოციალური მუშაკები აქციას მართავენ

ბათუმში, ვარდების სკვერში სოციალური მუშაკები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ კოლეგების ნაწილზე ზეწოლა ხორციელდება, თუმცა უმრავლესობა აქციას შეუერთდა.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარ ღუნაშვილი ამბობს, სოციალური მუშაკების სამუშაო პირობები პირდაპირ აისახება სოციალურად დაუცველ ფენაზე.

„ბათუმში არასდროს არანაირი რესურსი არ ყოფილა, სოციალურ მუშაკები თავიანთი ხელფასებით ამაგრებენ ჯანდაცვის სამინისტროს. საკუთარი ხელფასით ვეხმარებით ბენეფიციარებს. გვიწევს ფეხით სიარული და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ადამიანები იღუპებიან და ვერ ვშველით. მინდა, აჭარის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელს ვუთხრა, რომ რცხვენოდეს, რადგან თანამშრომლებზე სხვადასხვა სახის ზეწოლებს ახდენს.  ქობულეთის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ჭანტურიშვილი კი, სამსახურიდან გაშვებით მემუქრებოდა. აქციაზე გამოსვლამდე ხელმძღვანელმა გამომიცხადა, რომ თუ გავაპროტესტებდი, დავკარგავდი სამსახურს”,- აცხადებს აქციის მონაწილე თამარ ღუნაშვილი.

აჭარის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე აცხადებს, რომ გაფიცულებს სხვა თანამშრომლები ჩაანაცვლებენ.

„არის სამსახურში რესურსი, რომ ერთი დღით სოციალური მუშაკები სხვებმა ჩაანაცვლონ. ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზებულია და არავინ დაზარალდება“, – აცხადებს თემურ ქარცივაძე.

აქციის მონაწილეები ვარდების სკვერში კარვის გაშლასაც გეგმავენ.