ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფისი გაიხსნა #1TVSPORT
21 აპრილს ბათუმში სასტუმრო „იბისი სთაილ ბათუმში“ გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პრეზენტაცია და ბათუმის ოფისის გახსნის საზეიმო ცერემონია.
ღონისძიებას უძღვებოდა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, მედიის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ბათუმის ოფისს უჩა აბრამიშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის ფინალური ეტაპის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია.
ფესტივალის ფინალურ ასპარეზობას 2026 წლის 2-6 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს. შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს (დაახლოებით 1200 მონაწილე) შორის, საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდების მონაწილეობით. პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, ასევე, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც ქულათა ჯამური მაჩვენებლით საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება, დახურვის ცერემონია – ბათუმის ბულვარში.