ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი გაიხსნება
ბათუმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი გაიხსნება

ბათუმში დღეს, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ გაიხსნება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სემინარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისასალმებელი სიტყვით გახსნის. მონაწილეებს მიმართავენ და კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლუკას ბეგლინგერი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

სამი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს 10-წლიან თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე, ეროვნულ და ევროკავშირის პერსპექტივებზე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ხედვისა და რეგიონალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ.

როუზ-როსის 97-ე სემინარში მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ ბათუმში დღეს, 09:00 საათზე გაიხსნება და 25 აპრილს დასრულდება.