ბათუმში მძარცველები ჰოსტელის მობინადრეებს პოლიციელებად გაეცნენ და მობილური ტელეფონი წაართვეს
ბათუმში მძარცველები ჰოსტელის მობინადრეებს პოლიციელებად გაეცნენ და მობილური ტელეფონი წაართვეს

ძარცვის შემთხვევა ბათუმში. რუსთაველის # 10-ში, პოლიციის განყოფილების მომიჯნავე ჰოსტელში გუშინ, გვიან ღამით ორი მამაკაცი შეიჭრა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა მძარცველებმა ჰოსტელის მობინადრეებს განუცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ და სასწრაფოდ გამოეჩინათ ნარკოტიკები და პირადი ნივთები. მძარცველებმა ერთ-ერთ ბინადარს მობილური წაართვეს, თუმცა ჰოსტელის ბინადრებმა ერთ-ერთი თავად დააკავეს და პოლიციის გამოძახებაც მოასწრეს. მეორე მძარცველი კი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

„რვა სტუმარი იყო ჰოსტელში. ერთ-ერთი ჩემი სტუმარი სიგარეტს ეწეოდა ეზოში. ორი პირი მას თავს დაესხა და ასე შეაღწიეს შენობაში. ყვიროდნენ პილიციელები ვართ, სასწრაფოდ გამოაჩინეთ ნარკოტიკი და ნივთებიო. ერთს მობილური წაართვეს. კორეელი სტუმრისთვის უნდოდათ აიპოდის წართმევა, თუმცა მან არ მისცა. ამ დროს ისევ ჩემმა სტუმრებმა ერთ-ერთი დააკავეს, პოლიციაც გამოიძახეს. პოლიცია ძალიან ოპერატიულად მოვიდა და მეორეც დააკავა, რომელიც გაიქცა. ერთი დაკავებული დაღესტნელი იყო, რუსეთის მოქალაქე, მეორე კი ქართველი. არ ვიცი, იარაღი ჰქონდათ თუ არა. როგორც გავიგე დაღესტნელს პოლიციაში დანა აღმოაჩნდა“, – იხსენებს ჰოსტელის მეპატრონე ირაკლი გლაზოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.