ბათუმში ერთმანეთს ორი „დინამო“ დაუპირისპირდება - სეზონის მატჩის მოლოდინში
ბათუმში ერთმანეთს ორი „დინამო“ დაუპირისპირდება - სეზონის მატჩის მოლოდინში

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 5-6 ოქტომბერს 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართება და ჩემპიონატის მთავარი შეხვედრით დასრულდება.

ტური ბოლნისში აიღებს სტარტს: „სიონი“ თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გორის „დილას“ მიიღებს, რომელმაც გასულ ტურში მოიგო და სახიფათო ზონას თავი დააღწია. „სიონმა“ კი, „დინამო არენაზე“ ფრეს მიაღწია და 31 ქულა დააგროვა. მიუხედავად ამისა, თემურ შალამბერიძის გუნდი კვლავ მეცხრე ადგილზეა და მოგება აუცილებლად სჭირდება.

5 ოქტომბერს თბილისში, „მიხეილ მესხზე“, ერთმანეთს ოთხეულის კანდიდატები, „ლოკომოტივი“ და „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან.

მეორე სათამაშო დღე კვირას, 6 ოქტომბერს, ივანწმინდის ცენტრალურ სტადიონზე, საჩხერეს „ჩიხურასა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩით გაიხსნება. მოულოდნელად, 32 ქულით, საჩხერლები აუტსადერთა ზონაში, მერვე ადგილამდე დაქვეითდნენ და „სიონს“ მხოლოდ ქულით უსწრებენ. ამიტომ, წაგება გუნდს უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს. ბოლოადგილოსანი „ვიტ ჯორჯია“ (18 ქულა) კი შეეცდება, ლიგაში დარჩენის ერთ-ერთი ბოლო შანსი გამოიყენოს.

რუსთავის ტექნიკურ ცენტრში პრინციპული მეტოქეების შეხვედრა გაიმართება: „რუსთავი“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ შეხვდება. მასპინძლებს ოთხეულში მოხვედრის შანსი აქვთ, „საბურთალო“ კი ჩემპიონობის მოპოვების თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი კი, როგორც დასაწყისში აღინიშნა, ბათუმში, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ლიდერები და ჩემპიონობის ყველაზე რეალური კანდიდატები, ბათუმის „დინამო“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდებიან.

29 მატჩში ორივე გუნდმა 61 ქულა დააგროვა და გამარჯვებული ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

გუნდები საქართველოს ჩემპიონატში 57-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 40 მატჩი თბილისელებმა მოიგეს, 8 ფრედ დასრულდა, 9 კი ბათუმელთა გამარჯვებით. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსიც (119:50) თბილისელთა სასარგებლოდაა.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში უპირატესობა ბათუმელებმა მოიპოვეს: ორჯერ გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა მოიგეს (3:2, 1:0), ხოლო ერთხელ თბილისელებმა (2:1). ეს იმას ნიშნავს, რომ ფრე ბათუმელებს უფრო აწყობთ, რადგან ჩემპიონატი თანაბარი ქულებით თუ დაასრულეს, პირადი შეხვედრებით უპირატესობა ბათუმის „დინამოს“ ექნება.

შაბათი, 5 ოქტომბერი

სიონი – დილა

15:30. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

ლოკომოტივი – ტორპედო

18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი

კვირა, 6 ოქტომბერი

ჩიხურა – ვიტ ჯორჯია

14:00. ცენტრალური – ივანწმინდა

რუსთავი – საბურთალო

16:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

დინამო ბთ – დინამო თბ

20:00. ანგისა – ბათუმი

დატოვე კომენტარი