ბათუმში მამაკაცმა პოლიციის განყოფილების შენობაში თვითმკვლელობა სცადა 
ბათუმში მამაკაცმა პოლიციის განყოფილების შენობაში თვითმკვლელობა სცადა 

ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების შენობაში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.

იგი თავის ბიზნესპარტნიორზე სავარაუდო თავდასხმის შემდეგ, პოლიციაში თავად გამოცხადდა.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებული პოლიციიდან საავადმყოფოში გუშინ საღამოს გადაიყვანეს.

„21:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება, პოლიციის შენობაში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში მიიყენა. ამჟამად იგი რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია“, – განაცხადა სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძემ.

დაკავებულმა სავარაუდოდ ბიზნესპარტნიორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. როგორც კლინიკაში ამბობენ, ის სამედიცინო დაწესებულებამდე საკუთარი ფეხით მივიდა. ამჟამად დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

პოლიციის განყოფილებაში მომხდარ შემთხვევას პროკურატურა ორი მუხლით იძიებს.

პროკურატურის პრესცენტრის ცნობით, საქმის გამოძიება სს-ის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და გამოყენებას გულისხმობს.