ბათუმის სტადიონზე საპარკინგე სივრცის მოწყობა გრძელდება
ბათუმის სტადიონზე საპარკინგე სივრცის მოწყობა გრძელდება

ბათუმში დასასრულს უახლოვდება ცენტრალური საფეხბურო სტადიონის მშენებლობა, რომელიც უეფას სტანდარტების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

„შპს სტადიონის“ ცნობით, ამჟამად ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო სიახლე ისაა, რომ პარკირების სივრცე კეთდება, რომელიც უეფას სერთიფიკატის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

„1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცის მოწყობა აქტიურად გრძელდება. ამავდროულად საჩრდილობლებისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დასრულდა,“ – წერია „შპს სტადიონის“ გავრცელებულ ცნობაში.

ამავე დროს, „შპს სტადიონის“ ცნობაში მითითებულია, რომ სტადიონზე მინდვრის საფარის არის უმაღლესი ხარისხის, ყველა სახის შემოწმება გაიარა და ამჟამად სავეგეტაციო პერიოდი აქვს, როგორც სხვა ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს.

ჯერ უცნობია, ბათუმის ახალი სტადიონი როდის გაიხსნება. არენა, ფაქტობრივად, ტურნირების მისაღებად მზადაა. მაგრამ დარჩენილია წვრილმანი სამუშაოები, რომლის შემდეგაც ობიექტი უეფას დელეგაციამ უნდა შეამოწმოს და შესაბამისი სერთიფიკატი მიანიჭოს.

ჩანაფიქრის თანახმად, სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებით შენდებოდა, რაც არენის მფლობელებს უმაღლესი დონის საკლუბო და სანაკრებო საერთაშორისო მატჩების ჩატარების უფლებას მისცემს. შეგახსენებთ, რომ ახალი არენა 20 ათას მაყურებელს დაიტევს.