ბათუმის სტადიონს პრემიუმ კლასის ჰიბრიდული საფარი ექნება - პროექტს ბრიტანული კომპანია განახორციელებს
ბათუმის სტადიონს პრემიუმ კლასის ჰიბრიდული საფარი ექნება - პროექტს ბრიტანული კომპანია განახორციელებს

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ბათუმის სტადიონთან დაკავშირებით ახალი ამბავი გაავრცელა.

„ბათუმის სტადიონი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება, ბაქოს ახალ ოლიმპიურ სტადიონთან ერთად, რომელსაც პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება. ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობას ბათუმის სტადიონზე, მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული კომპანია SISPITCHES განახორციელებს. სტადიონის მშენებელი კომპანია „ანაგი“ საფარის მოდერნიზებას, საკუთარი სახსრებით განახორციელებს“, – წერია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის გვერდზე.

საერთაშორისო ბრენდ SISPITCHES-ს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის ბარსელონას „კამპ ნოუს“ და მილანის „სან სიროს“ სტადიონები. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 სტადიონის მინდორი ჰიბრიდული საფარით, სწორედ SISPITCHES-მა მოაწყო.

მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.

სტადიონის მოედნის ჰიბრიდული ზედაპირი არის საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა და წარმოდგენილია ისეთი მაღალი დონის სტადიონებზე როგორიცაა მილანის „სან-სირო“, ბარსელონას „კამპ ნოუ“, ასევე ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების A კლასის სტადიონები.

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ბათუმის სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. 2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები და ფინალი გაიმართება.