ბათუმის „დინამოსთან“ მატჩამდე „ბატეს“ კაპიტანი დააკლდა - დრაგუნს „არსენალის“ ლეგიონერი შეცვლის #1TVSPORT
ბათუმის „დინამოსთან“ მატჩამდე „ბატეს“ კაპიტანი დააკლდა - დრაგუნს „არსენალის“ ლეგიონერი შეცვლის #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსთან“ კონფერენს ლიგაზე თამაშამდე ბელარუსულმა კლუბმა „ბატემ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში პირველი კონტრაქტი გააფორმა – ბორისოვოს გუნდმა ტულას „არსენალიდან“ 24 წლის ნახევარმცველი ვალერი გრომიკო დაიმატა.

საქმე ისაა, რომ გრომიკოს გუნდის გამოცდილი ნახევარმცველის, სტანისლავ დრაგუნის შემცვლელად განიხილავენ. მუხლზე ჯვარედინის იოგების ტრავმის გამო, „ბატეს“ კაპიტანი გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. დრაგუნი 33 წლისაა – უთამაშია „კრილია სოვეტოვში“, მოსკოვის „დინამოში“, „ორენბურგში“ და ბელარუსის ნაკრებში 68 მატჩი (11 გოლი) ჩაატარა.

ბელარუსში დასვეს კითხვა, რაში სჭირდებათ „ბატეს“ფეხბურთელი, რომელსაც დაახლოებით ერთი წელი ნორმალურად არ უთამაშია – გრომიკომ ტულას „არსენალის“ შემადგენლობაში მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ძირითადში მხოლოდ სამჯერ დააყენეს.

გრომიკო უნივერსალი მოთამაშეა და სხვადასხვა პოზიციებზე იყენებენ. 3-5-2 სქემაში გრომიკო მეორე ფორვარდი გახლდათ, ხოლო 3-4-3-ში – ცენტრალური ნახევარმცველი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგაზე „ბატეს“ 22 ივლისს ბათუმის ახალ არენაზე მიიღებს, ხოლო 29 ივლისს ბელარუსში ესტუმრება.