ბათუმის „დინამოში“ დარჩენა შემომთავაზეს, არის სხვა ვარიანტებიც - ნავალოვსკიმ კარიერის დასრულებაზე ისაუბრა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოში“ დარჩენა შემომთავაზეს, არის სხვა ვარიანტებიც - ნავალოვსკიმ კარიერის დასრულებაზე ისაუბრა #1TVSPORT

„კარიერის დასრულებაზე მიღებული გადაწყვეტილება ჩემთვის მტკივნეული გამოდგა“, – ამის შესახებ ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა, გიორგი ნავალოვსკიმ კომენტარი პირველ არხთან გააკეთა.

36 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება სეზონის დასრულების შემდეგ მიიღო და 18-წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

„იმის თქმა, რომ კარიერის დასრულება მინდოდა, არასწორი იქნება. ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვარ, მაგრამ ტრავმებმაც თავისი ქნა და ასაკმაც და ეს ძნელი ნაბიჯი უნდა გადამედგა.

ფეხბურთში დარჩენა მსურს, სამწვრთნელო კურსებზე სწავლა დავიწყე, ამავე დროს ბათუმის „დინამოში“ სკაუტად დარჩენა შემომთავაზეს. არის სხვა ვარიანტებიც. თუმცა, კარიერა დღეს დავამთავრე და რა მიმართულებით წავალ, ამის თქმა გამიჭირდება.

ნაკრებში 41 შეხვედრა ჩავატარე. მეტიც შეიძლებოდა მეთამაშა, რომ არა 7-წლიანი პაუზა და ანდორასთან გასვლაზე მიღებული ტრავმა. სხვათა შორის, იმ ტრავმის კვალი დღემდე გამომყვა და ზოგჯერ რაღაცებს ვერ ვიხსენებ“, – ამბობს გიორგი ნავალოვსკი.

ნავალოვსკი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2008-2021 წლებში თამაშობდა და 41 მატჩი ჩაატარა. ვეტერანი მცველი „ჯვაროსნებიდან“ 2021 წლის ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრამდე გააცილეს და საგანგებო ჯილდო გადასცეს.