ბათუმის „დინამოსა“ და „დინამო თბილისის“ მატჩს თურქი მსაჯები განსჯიან #1TVSPORT
ბათუმის „დინამოსა“ და „დინამო თბილისის“ მატჩს თურქი მსაჯები განსჯიან #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ბათუმის „დინამოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის თურქი მსაჯების ბრიგადა განსჯის – ინფორმაციას ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მატჩს, რომელსაც ბათუმის „არენა“ უმასპინძლებს, მთავარი არბიტრის რანგში ჰუსეინ გოჩეკი (თურქეთი) გაუძღვება. მას დიდი გამოცდილება აქვს – 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონა“ – „იუვენტუსის“ მატჩზე ჯუნეით ჩაკირის ეხმარებოდა.

ჰუსეინ გოჩეკს თანაშემწის რანგში დაეხმარებიან ჯ. ელბილი (პირველი ასისტენტი) და მ. ე. თუღრალი (მეორე ასისტენტი), ხოლო მეოთხე მსაჯი საქართველოდან იქნება – ალეკო აფციაური.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმის „დინამოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის ოთხშაბათს, 20 ოქტომბერს გაიმართება და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონის საერთო ტევადობის 33%-ზე გულშემატკივართა დასწრება იქნება შესაძლებელი. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ-რეჟიმში, biletebi.ge-ზე იქნება შესაძლებელი, ბილეთების გაყიდვა კი 16:00-დან დაიწყება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: მატჩის ბილეთი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც. სტადიონის შესასველელები 16:00-დან გაიღება.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 63 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „დინამო თბილისი“ 56 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.