ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - გეგუჩაძეს წასვლაზე ჩემთან არ ულაპარაკია
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - გეგუჩაძეს წასვლაზე ჩემთან არ ულაპარაკია

„ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, ჩვენ ერთმანეთთან არც გვისაუბრია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ, რომელსაც კომენტარი ვთხოვეთ გავრცელებულ ხმებზე, თითქოს, გუნდიდან მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე წავიდა.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ბათუმის „დინამო“ გასვლაზე ეროვნული ლიგა 2-ის წარმოამდგენელ „გაგრასთან“ დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ბათუმის „დინამოდან“ მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის წასვლაზე ხმები სწორედ ამ მატჩის შემდეგ გავრცელდა.

„გულდასაწყვეტი თამაში წავაგეთ, მაგრამ მატჩის შემდეგ გიას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. შესაძლოა, ასეთი აზრი ემოციური მომენტიდან და წაგების სიმწარიდან მოდიოდა – ემოციური ფონია დიდია. მაგრამ ჩვენ არც შევხვედრილვართ და ტელეფონზეც არც გვილაპარაკია. დავსხდებით, დავილაპარაკებთ და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძე.