ბათუმის „დინამოს“ ორი საფეხბურთო ცენტრი გადასცეს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოსა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის კლუბის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე შეთანხმება გაფორმდა.
მასშტაბური პროექტი რეგიონში თანამედროვე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შექმნას ისახავს მიზნად, ბათუმის „დინამო“ არანაკლებ 6 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და, შედეგად, გუნდისა და საფეხბურთო აკადემიისთვის სრულად გამართულ თანამედროვე ინფრასტრუქტურას მიიღებს.
კლუბს 49-წლით გადაეცა ჯონი ბაკურიძის სახელობის საფეხბურთო ბაზა, სადაც 600 ბავშვზე გათვლილ საფეხბურთო აკადემიას მოაწყობს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალი სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსების, უახლესი სამედიცინო და სარეაბილიტაციო სივრცეების, სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის და ორი დიდი (105X65 მ) და სამი მცირე (52X26 მ) ზომის ხელოვნურსაფრიანი მოედნის მშენებლობას.
ჯონი ბაკურიძის სახელობის ბაზასთან ერთად, კლუბს 20-წლით ლეონიძის ქუჩაზე არსებული საფეხბურთო ცენტრიც გადაეცა, სადაც „დინამო“ უზრუნველყოფს ორი ჰიბრიდული ტიპის მინდვრის შენარჩუნებას, ახალი მინიმოედნების მოწყობას და გუნდისთვის აუცილებელი სივრცეების – თანამედროვე გასახდელების, სატრენაჟორო დარბაზისა და აღდგენითი ცენტრის განვითარებას.
კლუბის პრეზიდენტმა, თემურ მიქელაძემ აღნიშნულ მოვლენას ისტორიული უწოდა და კლუბის განვითარებაში ინფრასტრუქტურის როლზე ისაუბრა.
„ჩვენი კლუბისთვის ისტორიული დღეა, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ბათუმის „დინამოს“ უახლოეს წლებში უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
მას შემდეგ, რაც კლუბი სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა, განვაცხადეთ, რომ მთავარ მიზანს კლუბის მდგრადი განვითარება და მის თანამედროვე სტანდარტებზე მორგება წარმოადგენდა. გამართული ინფრასტრუქტურის გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია, ამიტომ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ მიზნისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.
მადლობას ვუხდი აჭარის მთავრობას და მის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს, ასევე მოლაპარაკების პროცესში ჩართულ ყველა უწყებასა და ადამიანს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ „დინამოსთვის“, არამედ ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის საფეხბურთო ეკოსისტემის განვითარებისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ჩვენ ორივე ლოკაციაზე საუკეთესო ინფრასტრუქტურას შევქმნით, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი აკადემიისა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისკენ იქნება მიმართული“, — ამბობს თემურ მიქელაძე.