ბათუმის „დინამოს“ მორიგი გამარჯვება - „თელავი“ მეკარემ უფრო დიდი ანგარიშით მარცხისგან იხსნა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მორიგი გამარჯვება - „თელავი“ მეკარემ უფრო დიდი ანგარიშით მარცხისგან იხსნა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში „თელავი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა 4:0 და გათამაშების ლიდერობა შეინარჩუნა.

„ბათუმის არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა. საგოლე შეტევა საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრებმა განავითარეს – გიორგი ნავალოვსკის პასით 39-ე წუთზე სტუმართა კარი მათე ვაწაძემ აიღო.

ანგარიშის მიუხედავად, სტუმართა შორის გამორჩეული მეკარე ლუკა სანიკიძე იყო, რომელსაც გამორჩეული სტატისტიკა დაუფიქსირდა – „თელავის“ მეკარემ 11 დარტყმა მოიგერია. რომ არა მეკარე, ბათუმელების სასარგებლოდ ანგარიში უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

„თელავი“ და მისი მეკარე დიდი ხანი ინარჩუნებდნენ მინიმალურ სხვაობას. მაგრამ 68-ე წუთზე შემოსულმა გიორგი ფანცულაიამ ყველაფერი შეცვალა – 69-ე წუთზე მისი გადაცემით, ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა, სამ წუთში ჯანა ჟირაურს გაატანინა, ხოლო 90+1-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილის პასით თავად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბათუმის „დინამო“ (54) პირველ ადგილზეა და კვლავ 7-ქულიანი უპირატესობით ასწრებს „დინამო თბილისს“, „თელავმა“ (28) კი წაგების მიუხედავად, სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიცია შეინარჩუნა.