ბათუმის „დინამოს“ მეტოქე - „სლოვანი“ ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მეტოქე - „სლოვანი“ ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა #1TVSPORT

ბრატისლავისსლოვანმა“ სოლიდური ტრანსფერი განახორციელა – ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ მეტოქემ ინგლისის პრემიერლიგიდან იურაი კუცკა დაიმატა.

სლოვაკეთში ქვეყნის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის დაბრუნება ნომერ პირველ მოვლენად იქცა. გასაკვირი არ არის – სლოვაკეთის ნაკრების თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული საყრდენი ფეხბურთელი მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა იტალიის სერია ა-ში (ჯენოა, მილანი, პარმა), ასევე გამოდიოდა თურქეთში (ტრაბზონი), ხოლო გასული სეზონი ინგლისის პრემიერლიგის „უოტფორდში“ გაატარა.

„ჩემთვის დიდი სიამოვნებაა სლოვაკეთში დაბრუნება, სადაც ჩემი კარიერა დაიწყო. ინგლისში კონტრაქტის გაწყვეტა გადავწყვიტე, რადგან „უოტფორდი“ გარემოს, შედეგებისა და ზოგიერთის ქცევის გამო არ მომეწონა. მსურდა კარიერა სლოვაკეთში გამეგრძელებინა, მაგრამ ზუსტად სად, არ ვიცოდი. როდესაც „სლოვანთან“ მოლაპარაკებამ გარკვეულ ეტაპს მიაღწია, უფრო და უფრო ვგრძნობდი, რომ ეს იყო ის, რაც მე მინდოდა“, – განაცხადა იურაი კუცკამ პრესკონფერენციაზე.

35 წლის იურაი კუცკა სლოვაკეთის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს, მისი ფორმით 93 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კუცკა სლოვაკეთის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის დროს ვლადიმერ ვაისმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიძახა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ საკვალიფიკაციო მატჩში არ უთამაშია. მსოფლიო ჩემპიონატზე მან სამ შეხვედრაში ითამაშა – ახალი ზელანდიის, იტალიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ.

„ვაისი იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც სლოვაკეთის ნაკრებში მომცა შანსი. რამდენიმე წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ვიცი, როგორი ადამიანი და პროფესიონალია. ამაში მხოლოდ საუკეთესოს ვხედავ. ვფიქრობ, ეს შეიძლება ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი იყოს. მასთან მუშაობას მოუთმენლად ველი“, – იხსენებს კუცკა.