ბათუმის „დინამომ“ „სიონი“ გაანადგურა და ლიდერი გახდა
ბათუმის „დინამომ“ „სიონი“ გაანადგურა და ლიდერი გახდა

23-25 აგვისტოს, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 25-ე ტური ბოლნისში გამართული შეხვედრით დაიწყო – „თამაზ სტეფანია არენაზე“ „სიონი“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა: 50-ე წუთზე, ბათუმელთა თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა ჯაბა ჯიღაურის გადაცემით ისარგებლა – 0:1. 71-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა ჯოვინო ფლამარიონმა ეფექტური გოლით გაზარდა – 0:2. 79-ე წუთზე თავი უკვე ჯაბა ჯიღაურმა გამოიჩინა – 0:3. აღსანიშნავია, რომ მან ბოლო სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა. 84-ეზე ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4 ბათუმელთა სასარგებლოდ.

ბათუმის „დინამომ“ 49 ქულა დააგროვა, თბილისის „დინამოს“ (47 ქულა) გადაასწრო და პირველ ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სიონი“ 26 ქულით ისევ მეცხრე ადგილზეა.