ბათუმის „დინამომ“ შვედეთიდან მცველი იაჰია კალეი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად გუნდმა შვედი მარცხენა მცველი იაჰია კალეი დაიმატა და მასთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა.
ბათუმელთა ახალწვეული შვედეთში სხვადასხვა დროს ტრადიციული შვედური კლუბების – „გეტებორგისა“ და „ნორჩეპინგის“ ღირსებას იცავდა, ასევე თამაშობდა ნიდერლანდების უმაღლესი ლიგის „გრონინგენში“. აქვს შვედეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში (მათ შორის, 21-წლამდელთა ნაკრებში) თამაშის გამოცდილება.
იაჰია კალეი „დინამოსთან“ ერთად სრულფასოვან საწვრთნელ პროცესშია ჩართული. მან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ბათუმის „დინამოში“ გადმოსვლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა, მოუთმენლად ველი გულშემატკივრებთან შეხვედრას. საქართველოში პირველად ვითამაშებ, თუმცა ვიცი, რომ აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ. მზად ვარ, მაქსიმუმი გავიღო და გუნდს მაღალი მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, – განაცხადა იაჰია კალეიმ.