ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა – ლევან შენგელიამ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

11:53, 10.08.2026

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

შენგელია კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა. ახალწვეული გუნდს უკვე შეუერთდა და „დინამოსთან“ ერთად სრულფასოვან საწვრთნელ პროცესშია ჩართული.

„ბათუმის „დინამოში“ გადმოსვლით ბედნიერი ვარ. ეს არის დიდი ტრადიციებისა და ამბიციების მქონე კლუბი, სადაც თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. საქართველოში დაბრუნება და ასეთი გამორჩეული გულშემატკივრის წინაშე თამაში ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა. მზად ვარ, ჩემი გამოცდილება „დინამოს“ წარმატებას მოვახმარო და ერთგული ქომაგები ლამაზი თამაშითა და გამარჯვებებით გავახარო“, – თქვა ლევან შენგელიამ.

31 წლის ნახევარმცველს არაერთ ქართულ თუ უცხოურ კლუბში აქვს ნათამაშები – შენგელია იყო გორის „დილას“, ქუთაისის „ტორპედოს“, ფოთის „კოლხეთის“, „დინამო თბილისის“, თურქული „ქონიასფორის“, ბელგიური „ლეუვენისა“ და „ტუბიცეს“, სამხრეთკორეული „დაეჯეონ სითიზენის“, ბერძნული „პანეტოლიკოსისა“ და „ოფი კრეტის“ ფეხბურთელი. გასულ სეზონში ოფი-ს შემადგენლობაში ​საბერძნეთის თასის გამარჯვებული გახდა.

ლევან შენგელიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 23 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი