ბათუმის „დინამომ“ „სამტრედია“ დაამარცხა - ჩემპიონი მეორე ადგილზე დაბრუნდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ „სამტრედია“ დაამარცხა - ჩემპიონი მეორე ადგილზე დაბრუნდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ პირველი წრის ბოლო ტურში „სამტრედიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით დაამარცხა – 3:1.

„ბათუმი არენაზე“ მოედნის საფარის რეაბილიტაციის გამო მასპინძლებმა მეტოქეს ფეხბურთის ფედერაციის ბათუმის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლეს. მატჩი კი „სამტრედიამ“ კარგად დაიწყო და 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა – სტუმართა სწრაფი კონტრშეტევის და რევაზ ინჯგიას გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ ომრან ჰაიდარი გავიდა და ზუსტად დაარტყა.

ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შეტევის ბოლო ფაზაში კარგად მოქმედებას ვერ ახერხებდნენ. თუმცა, 40-ე წუთზე მიზანს მაინც მიაღწიეს. გიორგი წიტაიშვილის ფლანგური გადაცემის ჩაჭრის მცდელობისას, „სამტრედიის“ ესპანელმა ნახევარმცველმა, ხოსე კარილიომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ბათუმელებმა მთელი მეორე ტაიმი შეტევებში გაატარეს, მიზანს კი საფინალო სასტვენამდე მცირე ხნით ადრე მიაღწიეს. მატჩის გმირი გიორგი წიტაიშვილი გახდა, რომელიც პირველ გოლშიც მონაწილეობდა და მატჩის მიწურულს ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გადაცემით 88-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ისარგებლა, ხოლო 90+6-ე წუთზე დავით მუჯირმა და „დინამომ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმის „დინამო“, „იბერიას“ ქულებით დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების გამო, პირველი წრე 22 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულა, ხოლო „სამტრედია“ (6) მე-7 პოზიციაზე დარჩა.