ბათუმის „დინამომ“ ფეხბურთელები წარადგინა
ბათუმის „დინამომ“ ფეხბურთელები წარადგინა

ეროვნული ლიგის განახლებამდე ბათუმის „დინამომ“ ორი ახალწვეული წარადგინა – გია გეგუჩაძის გუნდში ჯაბა ჯიღაური და უკრაინელი მაქსიმ კუჩინსკი ითამაშებენ.

27 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური საქართველოს ნაკრების წევრია და მას გულშემატკივარი კარგად იცნობს – ის ბოლოს საფრანგეთში, ლიგა 2-ის „გრენობლში“ გამოდიოდა. მან კლუბთან ცოტა ხნის წინ 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უკრაინელი მეკარე 31 წლისა და ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ აკადემიის აღზრდილია. იყო უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი (3 მატჩი), 2018 წელს პრემიერლიგის ლვოვის „კარპატის“ რიგებში გამოდიოდა (22 მატჩი), წლეულს ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდა და ბათუმის „დინამოს“ წინადადებას დათანხმდა – მაქსიმ კუჩინსკი ბათუმში სეზონის ბოლომდე ითამაშებს და შესაძლოა, ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

ასლან ბალაძე, ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი: „ჩვენთვის ორივე ფეხბურთელი ძალიან დიდი ძალა იქნება. ვფიქრობ, რომ მორიგი სწორი და დროული ტრანსფერები ბათუმის „დინამოს“ წინსვლაში დაეხმარება“.

ჯაბა ჯიღაური: „მინდა, რომ ერთად მეტი ტიტული მოვიგო. უპირველესად, ჩემპიონობა და ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლა გვსურს. ბათუმის „დინამოს“ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს, რომელის გუნდს ძალიან ეხმარება. მათი თანადგომა მთლიანად ქართული ფეხბურთისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანია“.

მაქსიმ კუჩინსკი: „სხვა შემოთავაზებები მქონდა. საქართველოში თამაში კი ახალი გამოწვევაა. მაქსიმალური მიზნების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს და როგორც ვამჩნევ, აქ ადაპტაციისთვის მცირე დროს საკმარისი იქნება“.

აქვე ვიტყვით, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანმა ბათუმის „დინამოს“ ახალი სპონსორი ჰყავს, რომელიც კლუბის განვითარებაში 1,5 წლის განმავლობაში 600 ათას ლარს დახარჯავს.

დატოვე კომენტარი