ბათუმის „დინამომ“ ისევ მოიგო - გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონობას უახლოვდება #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ისევ მოიგო - გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონობას უახლოვდება #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 28-ე ტურის ბოლო შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

ბათუმელებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. მარჯვენა ფლანგიდან სანდრო ალთუნაშვილის გადაცემით ქუთაისელთა კარი გიორგი ფანცულაიამ აიღო და მიმდინარე სეზონში მე-13 გოლი გაიტანა. ქუთაისელებმა 45-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. დმიტრი რეკიშის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ანგარიში ბაქარ მირცხულავამ გაათანაბრა – 1:1.

მეორე ტაიმი ბათუმელების უპირატესობით დაიწყო და გია გეგუჩაძის გუნდი მეორედ დააწინაურა. 61-ე წუთზე გია მანჯგალაძემ საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა – 2:1.

საბოლოო ანგარიში 90+1-ე წუთზე გიორგი ზარიამ დააფიქსირა, რომელმაც ჯოვინო ფლამარიონისა და სანდრო ალთუნაშვილის სწრაფი შეტევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 3:1 ბათუმის „დინამოს“ სასარგებლოდ.

28 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 60 ქულა დააგროვა, კონკურენტ „დინამო თბილისთან“ (53) უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა და ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ოქროს მედლებს კიდევ უფრო მიუახლოვდა. რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს“ (26), კახა ჩხეტიანის გუნდი მე-8 ადგილზე დაქვეითდა.

დატოვე კომენტარი