ბათუმის „დინამომ“ იერუსალიმის „ჰაპოელის“ კაპიტანი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ იერუსალიმის „ჰაპოელის“ კაპიტანი დაიმატა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და ისრაელიდან ნახევარმცველი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ბათუმის საფეხბურთო კლუბის ახალწვეული ისრაელელი საყრდენი ნახევარმცველი ავაკა ეშეტეა, რომელმაც სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

„ბედნიერი ვარ ბათუმის „დინამოში“ გადმოსვლით, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. პირველად ვითამაშებ ისრაელის საზღვრებს გარეთ და ვფიქრობ, წინ საინტერესო თავგადასავალი მელის“.

ფეხბურთელი იერუსალიმის „ჰაპოელის“ აღზრდილია. პროფესიული კარიერა ამ კლუბში გაატარა, იყო გუნდის კაპიტანი, 229 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ავაკა ეშეტე უკვე საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 22 ივნისს კი, როდესაც საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაარეგისტრირებს, რის შემდეგაც მას ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება მიეცემა.