ბათუმის „დინამომ“ ფოთში „კოლხეთი“ დაამარცხა და პირველი წრის შემდეგ მეორე ადგილზეა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში დამარცხდა – 0:2.
ანგარიში 27-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ გახსნა, რომელმაც დამატებაზე მცველებს დაასწრო. 21 წლის ნახევარმცველმა თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა, სულ კი პირველ წრეში 3 გოლი გაიტანა.
წულუკიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ყველგან ლიდერი იყო. ტრავმის გამო დრო გაუცდა, თუმცა ფორმაში შედის და თუ ასე გააგრძელა, არაა გამორიცხული, 21-წლამდელთა ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახონ.
ფოთის „კოლხეთმა“ შესვენების შემდეგ დიდი ძალებით შეუტია, საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ შანსებით ვერ ისარგებლა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე კი კაცნაკლული დარჩა – რევაზ ინჯგიასთან უხეშობისთვის მასპინძელთა მცველი, არჩილ დათუაშვილი გააძევეს. 90+8-ე წუთზე ბათუმელებმა მეორე ბურთიც გაიტანეს – საბოლოო ანგარიში ჯალენ ბლესამ დააფიქსირა.
„კოლხეთი“ პირველი წრის შემდეგ (5 ქულა) ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა, ხოლო ბათუმის „დინამომ“ (21) „იბერიასთან“ (23) ჩამორჩენა შეამცირა და პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა.