ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურას“ მოუგო და მეორე ადგილზე დაწინაურდა
ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურას“ მოუგო და მეორე ადგილზე დაწინაურდა

„მიხეილ მესხი არენაზე“, ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, საჩხერეს „ჩიხურამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ბათუმელები სწრაფად დაწინაურდნენ. მე-3 წუთზე, ვაგნერ გონსალვეშის გადაცემით, მეკარესთან მარტო დარჩენილმა გიორგი ნიქაბაძემ ზუსტად დაარტყა – 0:1. 28-ე წუთზე სხვაობა მამუკა კობახიძემ გაზარდა, ხოლო 42-ე წუთზე საჩხერელთა კარი მესამედ ჯაბა ჯიღაურმა აიღო, რომელმაც მე-80 წუთზე დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა – 0:4 და „ჩიხურა“ ცხრა ტურის შემდეგ ხუთი ქულით ისევ ბოლოდან მეორე ადგილზე დარჩა. ბათუმის „დინამომ“ კი 17 ქულა დააგროვა, თბილისის „დინამოს“ გაასწრო და ლიდერ გორის „დილას“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.