ბათუმის „დინამომ“ ახალ სტადიონზე პირველად ივარჯიშა
ბათუმის „დინამომ“ ახალ სტადიონზე პირველად ივარჯიშა

21 ნოემბერი ბათუმის „დინამოს“ ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება – გუნდი ახალ, თანამედროვე სტადიონზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს – გია გეგუჩაძის გუნდი გორის „დილას“ დაუპირისპირდება.

რეალურად, დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში ასეთი მასშტაბური სტადიონი მხოლოდ მეორედ აშენდა – პირველი იყო „ლოკომოტივის“ სტადიონი, რომელიც ამჟამად მიხეილ მესხის სახელობისაა და 27 ათას მაყურებელზეა გათვლილი. მისი მშენებლობა 2003 წელს დასრულდა.

ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა სატურნირო ცხრილში უმნიშვნელოვანესი იქნება. ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“ კონკურენტები არიან – ბათუმელები 26 ქულით მეორე ადგილზე არიან, ხოლო „დილა“ 24 ქულით მესამე პოზიციაზეა და მოგება ორივე გუნდს დაეხმარება – მასპინძლებს უპირატესობის გაზრდაში, ხოლო გორელებს მეტოქის გადასწრებაში.

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ახალ არენაზე მატჩის წინა ვარჯიში გამართეს, რაც ახალ საფართან შესაგუებლად აუცილებელი იყო. ახალი სტადიონი ფეხბურთელების აზრით, ძალიან კომფორტულია. ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონის, ბათუმის „დინამოსა“ და „დილას“ მატჩი შეხვედრა, 21 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს დაიწყო და 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდა, მაგრამ პანდემიამ მისი გახსნა ორჯერ გადასწია. 27 ოქტომბერს არენის გახსნას ქვეყნის ხელისუფლების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი, უეფა-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტებითაა აშენებული და მაღალი დონის საკლუბო და სანაკრებო მატჩების მასპინძლობაა შესაძლებელი. არენაზე დამონტაჟებულია უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემები. სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები, მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით განათდება (საქართველოს დროშის, საქართველოს გერბის, აჭარის დროშის და სხვა).

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და დაახლოებით 141 მლნ ლარი დაჯდა.

დატოვე კომენტარი