ბათუმის „დინამო“ ტრანსფერზე ორ ფეხბურთელს შეუთანხმდა
ბათუმის „დინამო“ ტრანსფერზე ორ ფეხბურთელს შეუთანხმდა

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან კონკურენტი გუნდებიდან, „საბურთალოდან“ და „დინამო თბილისიდან“ ორ მოთამაშეს დაიმატებს – გია ჩაბრაძეს და გიორგი ზარიას.

„შემიძლია უკვე 100 პროცენტით ვთქვა, რომ ეს ორი მოთამაშე მომავალი სეზონიდან ჩვენთან ითამაშებს. მათ კლუბებთან კონტრაქტები უმთავრდებათ, შესაბამისად ფიფა-ს წესები უფლებას გვაძლევს, რომ წინასწარი კონტრაქტები გავაფორმოთ. მათ გარდა, კიდევ რამდენიმე მოთამაშის დამატება გვსურს – მათ შორის არიან ქართველებიც და უცხოელებიც“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბერიძემ.

გია ჩაბრაძე 24 წლისაა, პოზიციით მარჯვენა მცველია. გია „საბურთალოს“ გაზრდილია და ამჟამად იჯარით „თელავში“ თამაშობს. უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

გიორგი ზარია 23 წლისაა. 16 წლის იყო, როდესაც პირველი ლიგის „სასკოში“ 6 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 2014 წლიდან, ანუ 17 წლიდან თბილისის „დინამოში“ გამოდის და 29 მატჩში 6 გოლი გაიტანა. იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი. მან კლუბთან ახალი კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა, რომელიც 2020 წლის ბოლოს მთავრდება.