ბათუმის „დინამო“ საქართველოს პირველი ჩემპიონი იყო - აჭარული გუნდის უცნობი და საინტერესო ისტორია [ვიდეო] #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ საქართველოს პირველი ჩემპიონი იყო - აჭარული გუნდის უცნობი და საინტერესო ისტორია [ვიდეო] #1TVSPORT

პირველად ისტორიაში, ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოზე“ ორი წლით ადრე, 1923 წელს დაარსდა. არის საქართველოს თასის (1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998), არის ქვეყნის ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი (1997–98, 2014–15, 2019, 2020) და ორჯერ ბრინჯაოს მედლების (1996-97, 2016) მფლობელი, 98-წლიან ისტორიაში გუნდმა ოქროს მედლები რამდენჯერმე მოიპოვა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად ეს წელს მოახერხა.

თუმცა, ლაპარაკია დამოუკიდებლობის პერიოდზე, თორემ საუკუნის წინ ბათუმელებმა ქვეყნის პირველი ჩემპიონობა იზეიმეს და თბილისელებს ოქროს მედლებს სულ ეცილებოდნენ.

ბათუმის პირველი გუნდები

საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ 1923 წელს დაფუძნდა, თუმცა ფეხბურთის თამაში ბათუმში გაცილებით ადრე დაიწყეს. პირველი საფეხბურთო გუნდი ბათუმში – „ხოლოდნო სლობოდსკაია“ 1911 წელს შეიქმნა, 1921 წელს – „მეზღვაური“, „წითელი რაინდი“, საფეხბურთო კოლექტივი კსმ-ი, ხოლო ორი წლის შემდეგ – ბდპო (ბათუმის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოება), რომელიც მალე ერთ-ერთი უძლიერესი ქართული გუნდი გახდა. საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ სწორედ ამ გუნდის ბაზაზე დაარსდა.

1924 წელს ბათუმურმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს უძლირეს გუნდთან ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტთან (ზიი). ბათუმში სტუმრებმა 1:0 იმარჯვეს, ხოლო ბათუმელებმა იმავე ანგარიშით თბილისში მოიგეს. იმავე წელს ბათუმში ჩამოვიდა საკავშირო შეჯიბრებაში გამარჯვებული ხარკოვის ნაკრები, რომელიც ბათუმელებს დაუზავდა – 2:2. ბათუმის ნაკრებმა 1925 წელს ამხანაგური შეხვედრა გამართა თურქეთში ტრაბზონის ნაკრებთან და ჯერ 7:1 გაიმარჯვეს, მეორე კი 1:2 დათმეს.

პირველი ჩემპიონი

1927 წლის საქართველოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის ნაკრები გუნდი გახდა. ბათუმელებმა მეტოქეები სამივე მატჩში (თბილისელები და ფოთელები 2:1, სოხუმელები 3:0) დაამარცხეს. 1928 წლის საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის გუნდმა დაიკავა მეორე ადგილი, პირველობა კი თბილისის ნაკრებს დაუთმო – მაშინ თბილისის „დინამო“ დედაქალაქშიც არ იყო გამორჩეული გუნდი.

1936 წელს სსრ კავშირის პირველი ჩემპიონატი გაიმართა, იმავე წლის ზაფხულში თასიც გათამაშდა და ბათუმის „დინამო“ პირველივე წრეში „დინამო თბილისთან“ დამარცხდა, რომელმაც ამ დროს ლავრენტი ბერიას მონდომებით საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები შეკრიბა და ყველას ერთი თავით სჯობდა. 1938 წელს გუნდმა მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1938 წელს კიდევ ერთი მოვლენა მოხდა – ენთუზიასტთა ინიციატივითა და დახმარებით ბათუმში დაიწყეს სტანდარტული ზომების საფეხბურთო მინდვრის მოწყობა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი

1939 წელს საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ბათუმის „დინამო“ სსრკ პირველობის „ბ“ კლასის გათამაშებაში ჩართეს. 23 ქულით გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. 1940 წელს საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ბათუმურმა კლუბმა თბილისის „დინამო“ 3:1 დაამარცხა და მესამედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. იმავე წელს სსრკ-ის თასის გათამაშებაში დინამოელები 1/8-ფინალიდან გამოვარდნენ. მეორე მსოფლიო ომის მიუხედავად 1943 წელს საქართველოს პირველობა მაინც ჩატარდა. ბათუმის „დინამოს“ მხოლოდ მე-6 ადგილი ერგო.

1963 და 1964 წლებში დინამოელებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის „ბ“ კლასში გამოსვლა პირველ ადგილზე დაასრულეს. მომდევნო წლებში ბათუმური გუნდი „ა“ კლასის მეორე ლიგაში გამოდიოდა და მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა. ამის გაკეთება 1983 წლის 12 ნოემბერსაც შეძლეს, ბათუმურმა კლუბმა შინ სამარის „კრილიასოვეტოვი“ 2:0 დაამარცხა და საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში გადავიდა.

დამოუკიდებლობის წლები

1990-იან წლებში, მას შემდეგ რაც ქართული ფეხბურთი საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებლობის გზა აირჩია, „დინამოს“ არსებობის მანძილზე ყველაზე წარმატებული პერიოდი დაუდგა. 1990 წელს კლუბს სახელი შეეცვალა და ს.კ. „ბათუმი“ ეწოდა, თუმცა 1994 წელს კლუბს პირვანდელი სახელი ბათუმის „დინამო“ დაუბრუნდა.

1994-95 წლების სეზონში დინამოელებმა საქართველოს თასის გათამაშების ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს და თბილისის „დინამოსთან“ მარცხის მიუხედავად არსებობის მანძლზე ევროტურნირზე პირველად ითამაშეს. თასების მფლობელთა თასის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბათუმელებმა იუგოსლავიურობილიჩს“ სტუმრად 1:0 მოუგეს. საშინაო მატჩი კი ფრედ 2:2 დაასრულეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც გლაზგოს „სელტიკს“ დაუპირისპირდნენ, ორივე მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით – 2:3 ბათუმში, ხოლო გლაზგოში – 0:4.

1996-97 წლების სეზონში „დინამომ“ უმაღლესი ლიგა მესამე პოზიციაზე დაასრულა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. თასების მფლობელთა თასის პირველ ეტაპზე ბათუმელებმა ფარერის კუნძულების წარმომადგენელ ჰაფნაფიორდურს ორი მატჩის ჯამში 9:0 მოუგეს, მეორე ეტაპზე კი ჰოლანდიურ „ეინდჰოვენთან“ სტუმრად განცდილი მარცხის (1:1, 3:0) შედეგად ტურნირს გამოეთიშნენ.

1993 წლიდან 1998 წლამდე დინამო ბათუმმა საქართველოს თასის გათამაშების ფინალში 5-ჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ მოახერხა თბილისის „დინამოს“ დამარცხება. 1998 წლის 26 მაისს ალეკო კანტიძისა და დათო ჭიჭვეიშვილის გოლებით ბათუმელებმა დიდი ხნის ოცნება აისრულეს და საქართველოს თასი დაისაკუთრეს. ამავე წელს ბათუმელმა ფეხბურთელებმა დედაქალაქურ „დინამოს“ სუპერთასის ფინალშიც სძლიეს.

ევროსარბიელზე დინამოს მეტოქედ ერევნის „არარატი“ ერგო და მიუხედავად იმისა, რომ ზღვისპირელებმა ორივე მატჩი მოიგეს (4:2. 0:2) შემდეგ ეტაპზე მაინც სომხური გუნდი გავიდა, უეფა-მ ბათუმური გუნდი დისკვალიფიცირებული მოთამაშის, დავით სოლოღაშვილის განაცხადში შეყვანის გამო დასაჯა.

თასების მფლობელთა თასზე დინამოელებმა მომდევნო წელსაც იასპარეზეს, 1998 წლის აგვისტოში ბათუმურმა გუნდმა ბელგრადის „პარტიზანის“ ბარიერი ვერ გადალახა. პირველი მატჩი სტუმრად სერბების გამარჯვებით 2:0 დასრულდა, ბათუმში გამართული საპასუხო შეხვედრა დინამომ თემურ ტუღუშის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

დანგრეული სტადიონი

ბათუმში 2006 წელს საფეხბურთო კრიზისი დაიწყო, როდესაც კლუბის სტადიონი, ბათუმელთა და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების პროტესტის მიუხედავად, დაანგრიეს და გაყიდეს, მის ადგილას კი სასტუმრო აშენდა. 2008 წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა და 4 სეზონი რანგით დაბალ დივიზიონში გაატარა. უმაღლესში დაბრუნება „დინამომ“ 2012 წელს შეძლო, თუმცა მომდევნო სეზონი ბათუმელთათვის ისევ წარუმატებელი გამოდგა და პირველ ლიგაში კიდევ ერთი წელი გაატარა.

2013-14 წლების სეზონი კლუბისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, უმაღლესში კუთვნილი ადგილი დაიბრუნა და პირველივე წელს ვერცხლის მედლებს დაეუფლა. 2015–16 წლების ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ კვიპროსულ „ომონიასთანორმატჩიან დუელში დამარცხდა.

2017 წელს ჩატარებულ გარდამავალ ჩემპიონატში ბათუმელებმა მესამე საპრიზო ადგილი და ბრინჯაოს მედლები თბილისის „დინამოს“ დამარცხების შედეგად მოიპოვეს. ამავე წლის ზაფხულში გუნდმა ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა პოლონურ „იაგელონიასთან“ წაგებით დაასრულა, ასევე წარუმატებელი გამოდგა უკვე ეროვნულ ლიგად გარდაქმნილი საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი აუტში განცდილი მარცხის შემდეგ დაბალ ლიგაში კიდევ ერთხელ დაქვეითდა.

ახალი ეპოქა და სტადიონი

ბათუმის „დინამო“ განვითარების ახალ ეტაპზე 2018 წლიდან გადავიდა, როდესაც საფეხბურთო კლუბში ბიზნესმენები, ჯონი ბაკურიძე და არჩილ ბერიძე მივიდნენ.

რაც მთავარია, 12-წლიანი პაუზის შემდეგ „დინამომ“ საკუთარ კედლებში პირველად ითამაშა. 2018 წლის 1 მაისს საზეიმოდ გაიხსნა და კლუბს მმართველობაში გადაეცა ანგისას საფეხბურთო ბაზა, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტმა ააშენა.

დინამოელებმა ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგაში დაბრუნდნენ. უკვე მომდევნო, 2019 წლის სეზონში ბათუმური გუნდი ჩემპიონობის რეალური პრეტენდეტი იყო, თუმცა საბოლოოდ ზღვისპირელები ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ. ასევე მოხდა 2020 წელს, მაგრამ 2021-ში მესამე მცდელობა წარმატებული გამოდგა – ეს იყო პირველი ჩემპიონობა 1938 წლის შემდეგ. ბათუმმა ოქროს მედალი 83 წლის შემდეგ დაიბრუნა.