ბათუმის „დინამო“ ისევ ლიდერია
ბათუმის „დინამო“ ისევ ლიდერია

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში „რუსთავმა“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ ამ შეხვედრაში ბათუმელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ. მე-19 წუთზე „დინამო“ მეკარესთან პირისპირ გასულმა ჯოვინო ფლამარიონმა დააწინაურა. ოთხ წუთში რუსთაველთა დაცვა ისევ ჩავარდა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლადო დვალიშვილი კი სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

როგორც მერე გაირკვა, დვალიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2 ბათუმის „დინამოს“ სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით ბათუმელებმა 52 ქულა დააგროვეს და ისევ გადაასწრეს თბილისის „დინამოს“ (51 ქულა), რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. „რუსთავი“ 29 ქულით მეშვიდე პოზიციაზე რჩება.

ტური კვირას, პირველ სექტემბერს დასრულდება – მიხეილ მესხის სახელობის მთავარ არენაზე „საბურთალო“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს.